ორგანიზაცია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა დირექტორი ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
ლუსი ვესკოტი რუსთავის ციხესთან ნიკა გვარამიას მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან და მის ადვოკატთან, თამთა მურადაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე იყო კომიტეტის დირექტორის მოადგილეც.
"მადლობა სოფიას სიძლიერისა და თავაზიანობისთვის. მადლობა თამთას იმისთვის, რომ დაუღალავად ცდილობს ნიკას გათავისუფლებას. ჩემთვის პატივია თქვენთან ერთად დგომა. მე მქვია ლუსი ვესკოტი და ვარ ჟურნალისტთ დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი. ჩემთან ერთად არის კერი პატერსონი, კომიტეტის დირექტორის მოადგილე. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი არის პრესის თავისუფლების საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის შტაბბინა მდებარეობს ნიუ-იორკში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟურნალისტებს მთელ მსოფლიოში, რათა მათ შეძლონ თავისუფლად გადასცენ ინფორმაცია და არ ეშინოდეთ შურისძიების.
ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ დავაკვირდეთ დაპატიმრებული ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას საქმეს, რომლის გამოც შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ვდგავართ იმ ციხის წინ, სადაც ნიკა იხდის 3.5 წლიან სასჯელს. ნიკა არის ერთადერთი დაპატიმრებული ჟურნალისტი საქართველოში და პირველი ქართველი დაპატიმრებული ჟურნალისტი, რომელიც ჩვენი კომიტეტის სიაში მოხვდა, რომელსაც ვადგენთ 1992 წლიდან დაწყებული.
ჩვენ მოვითხოვთ ნიკას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ბრალდებები პოლიტიკური შურისძიებაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ემუქრებიან ჟურნალისტებს დაპატიმრებით, რათა ისინი გააჩუმონ. ნიკას შემთხვევაში არ არსებობს მის მიმართ წაყენებული ბრალდებების კანონიერი პრეცედენტი და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ არ არსებობდა კანონიერი საფუძველი ნიკას დაპატიმრებისთვის. ნიკას საქმეს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და ის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა დაგმეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. საქართველოში ამერიკის საელჩომ გასულ თვეს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ნიკას საქმე იწვევს ეჭვს, რომ საქართველო არ არის ერთგული კანონის უზენაესობის პრინციპისა, ევროპარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნიკას მიმართ წაყენებულ ბრალდებებს საეჭვო უწოდა", - განაცხადა ლუსი ვესკოტმა.
იხილეთ წარსულში ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წერილი: