
ხერსონის რაიონის მარჯვენა სანაპიროზე ამ დროისთვის დატბორილია 35 დასახლებული პუნქტი, მარცხნივ - ვითარება კრიტიკულია - აცხადებს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი.
მისი თქმით, ამჟამად ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 4,72 მეტრია, 9 ივნისის საღამოდან წყალმა 31 სანტიმეტრით დაიკლო.
"მარჯვენა სანაპიროზე 35 დასახლება დაიტბორა, 3 ათას 763 სახლი წყალქვეშაა. ყველაზე მეტი სახლი დაიტბორა ხერსონში, ბილოზერკასა და ზიმივნიკში", - განაცხადა პროკუდინმა.
მისივე ცნობით, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, იქ წყლის დონემ 6 მეტრით და 25 სანტიმეტრით დაიკლო.
პროკუდინმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი სამაშველო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობს თითქმის 1500 ადამიანი და 345 ერთეული ტექნიკა.
"გუშინ შესაძლებელი გახდა 248 ადამიანის ევაკუაცია უსაფრთხო ტერიტორიებზე. ჯამში მოხალისეებმა, მაშველებმა და პოლიციამ 2588 ადამიანი გამოიყვანეს", - განაცხადა მან.
რეგიონში ცხრა საევაკუაციო პუნქტია.
მისივე თქმით, მარცხენა სანაპიროზე მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და რუსი ოკუპანტები არათუ არ ჩქარობენ ხალხის დახმარებას, არამედ „დახვრეტით ემუქრებიან ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც თანამემამულეების გადარჩენას ცდილობენ".
ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ უახლოეს დღეებში რეგიონში წვიმებია მოსალოდნელი.