
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 150 მილიონი ფუნტის (188 მილიონი დოლარი) ღირებულების დახმარება გამოაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ახალი დაფინანსება გადაეცემათ ადგილობრივ საბჭოებს, რათა უკრაინელ ოჯახებს დაეხმარონ კერძო საცხოვრებლის დაქირავებასა და სამუშაოს პოვნაში.
"სამწუხაროდ, უკრაინაში ბრძოლები ომის მალე დასრულების ნიშნებს არ აჩვენებს, ამიტომ ჩვენ უფრო მეტ ადამიანს მოვუწოდებთ, გახდეს მასპინძელი, ხოლო საბჭოებს გამოვუყოფთ დამატებით დაფინანსებას, რათა უზრუნველყონ უკრაინელი ლტოლვილები გრძელვადიანი საცხოვრებლით", - თქვა გაერთიანებული სამეფოს საბინაო მინისტრმა ფელისიტი ბუკენმა.
2022 წლის თებერვლიდან, დიდ ბრიტანეთში 124 000-ზე მეტმა უკრაინელმა შეაფარა თავი. ომის დაწყების შემდეგ პოლონეთმა ლტოლვილთა ყველაზე დიდი ნაკადი მიიღო - Statista-ს მონაცემებით, 9 მაისის მდგომარეობით, პოლონეთში 1,6 მილიონი უკრაინელი ჩავიდა. 2023 წლის აპრილის მონაცემებით, ერთ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი დაფიქსირდა გერმანიაში.