სოციალური დახმარების მესამე ტალღა მთავრობისგან წინასაარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პრემიერ მინისტრი სოციალური დახმარებების მორიგ დაპირებას გასცემს;

დღეს, 6 აგვისტოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გახარიამ კონკრეტულ ჯგუფებზე გასაცემი დახმარებების შესახებ ისაუბრა: 

  • 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება 70 ათას თვითდასაქმებულს, რომელთაც ერთჯერადი დახმარების გაცემის პირველ ეტაპზე დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო დახმარება არ ჩაერიცხათ - თავდაპირველად ამ დახმარების მისაღებად განაცხადი 250 ათასმა თვითდასაქმებულმა შეავსო;
  • კომუნალური გადასახადების კომპენსაცია  4 თვის განმავლობაში - ზამთარში მოხმარებული 200 კვტ-მდე ელექტროენერგიისა და 200 კბმ-მდე ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება - კერძოდ, ოჯახები, რომლებიც "თელასის" აბონენტები არიან და ყოველთვიურად 37 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარენ, "ენერგოპროჯორჯიას" აბონენტების შემთხვევაში ანაზღაურების ზედა ზღვარი 36 ლარია. თბილისში ბუნებრივი აირის საფასური დაიფარება 92 ლარამდე ხარჯის შემთხვევაში, რეგიონებში  კი, "სოკარ ჯორჯიას" აბონენტებისთვის ეს თანხა 114 ლარია.   
  • 200 ლარიანი დახმარება 17 წლამდე ასაკის ყველა სკოლის მოსწავლეს. პრემიერის თქმით, დღეს ქვეყანაში 880 ათასი ბავშვია;
  • 2020-2021 წლის ერთი სემესტრის საფასურის ანაზღაურება ყველა სტუდენტს, ვისი სოციალური ქულაც 150 ათასამდეა - ასანაზღაურებელი თანხა 1 125 ლარს შეადგენს.  
  • 2020-2021 წლის მთლიანი საფასურის ანაზღაურება ყველა, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის, ვისი სოციალური ქულაც 150 ათასამდეა - ასეთია დაახლოებით, 33 ათასი სტუდენტი და ანაზღაურების თანხა თითო სტუდენტზე 2 250 ლარს შეადგენს.

გახარიამ მთავრობის სხდომამდე ისაუბრა ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ ნაწილზე, რომელმაც, მისი თქმით, ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა, თუმცა როგორც პრემიერი ამბობს, ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ახლა ბრძოლა ისევ ორ ფრონტზე უნდა განახლდეს - მოქალაქეების ჯანმრთელობისა და მათი სოციალური მდგომარეობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების თვალსაზრისით. 

სოციალური დახმარების მესამე ეტაპის დაფინანსებისთვის, პრემიერის თქმით, საჭიროა მთლიანად 410 მლნ ლარი, რომლიდანაც ნაწილი stopgov.ge-ს ფონდიდან გამოიყოფა, ნაწილი კი ბიუჯეტიდან. აქედან დახლოებით 200 მილიონი ლარი მოხმარდება კომუნალური გადასახადების კომპენსაციას, 170 მილიონი ლარი კი ბავშვების დახმარებას. 

დახმარებების პირველი ეტაპი მოიცავდა გაზაფხულის სამი თვის განმავლობაში მოსახლეობის კომუნალური გადასახადების კომპენსაციას. ეს კომპენსაცია, ისევე,  როგორც 6 აგვისტოს გამოცხადებული დახმარება, მხოლოდ ელექტროენერგიის 200 კვტ-მდე და ბუნებრივი აირის 200 კბმ-მდე მხარჯველ ოჯახებს შეეხო. ელექტროენერგიაზე გაწეული შეღავათით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ათასმა ოჯახმა ისარგებლა, ხოლო იგივე მონაცემი ბუნებრივი აირის შემთხვევაში სულ 671 000 ოჯახია. ჯამში ამ ხარჯმა ბიუჯეტისთვის დაახლოებით 150 მლნ ლარი შეადგინა.  

ასევე პირველი ეტაპის დახმარებაში გათვალისწინებული იყო 200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში იმ მოქალაქეებისთვის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი. თვითდასაქმებულთა 300 ლარიანი დახმარებების ბიუჯეტი კი 75 მილიონი ლარი იყო. შეგახსენებთ, რომ ეს დახმარება დღემდე მხოლოდ 170 ათასმა თვითდასაქმებულმა მიიღო.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული იყო მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახების ჯამური 600 ლარიანი დახმარება. ამ პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონ ლარამდე იყო.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის კიდევ ერთი ნაწილი იყო საბანკო სესხებზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება, რომლის დროსაც მომხმარებლების სურვილის შესაბამისად, სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა. 

პირველ ეტაპზე, მთლიანობაში, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან 350 მლნ ლარი გამოყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი