
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, გასულ დღე-ღამეში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უწყების განცხადებით, მძიმე ბრძოლები 4 მიმართულებით გრძელდება.
"მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს გენშტაბი.
გენშტაბის განცხადებით, რუსულმა ძალებმა 1 სარაკეტო და 36 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 38-ჯერ დაბომბეს.
უკრაინის გენშტაბის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 6 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული.