სუს-მა შესაძლოა ორმაგი დანიშნულების პროდუქცია ლიცენზიის გარეშე იყიდოს - კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

გამოქვეყნდა:

სუს-ის მიერ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ლიცენზიის გარეშე ყიდვის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი თავდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო.

ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები თავისუფლდებიან ლიცენზიებისა და ნებართვის მოპოვებისგან, რაც სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციით ვაჭრობისთვისაა საჭირო.

არსებული კანონითლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. კანონის მიღების შემთხვევაში, უწყებას ვერცერთი ორგანო ვეღარ გააკონტროლებს.

ოპოზიციის შეფასებით, კანონის მიღება ზრდის რისკს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებს.

თავდაცვის კომიტეტში კანონპროექტზე მსჯელობა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია კრიტიკული კითხვებისთვის დარბაზიდან გააძევა. ოპოზიცია ინიციატივით გამოვიდა, რომ შემუშავებული დოკუმენტი დასავლეთში გაიგზავნოს და საერთაშორისო სპეციალისტებმა გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები, თუმცა ქართული ოცნება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ  საქართველოში რუსეთისთვის სანქციების არიდების საფრთხე არ არსებობს.

"წარმოუდგენელია ეს, ვინაიდან ნდობის ჯგუფისთვის, რომელშიც ოპოზიციაც შედის, კონტროლირებადია მთელი ეს საქმიანობა, მათ შორის ორმაგი დანიშნულების ტვირთის შეძენა, ექსპორტი და ა.შ. ამიტომ ის ოპოზიციის წარმომადგენელი არ გაჩერდება და ხმას ამოიღებს, თუ რაიმე საეჭვოს ნახავს. მეორეც, მე გარკვეული ნდობა გამაჩნია, რომ ამის გამკეთებლები არ არიან, მესამე ის არის - თუ რამის ფარულად გაკეთებას აპირებთ, ამის აფიშირებას და კანონის შესაბამისად მოახდენთ?", - თქვა თენგიზ შარმანაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი