საერთო მოთხოვნებზე შესაჯერებლად ხელოვანები დღეს ეროვნული კინოცენტრის შენობაში მივიდნენ, თუმცა დაცვამ ისინი შენობაში არ შეუშვა. მიმდინარე პროცესებზე საუბარი მათ დერეფანში მოუწიათ.
დილიდან კინოცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს გაფრთხილება რეორგანიზაციაზე, რომელზეც ხელი ყველას მოაწერინეს. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი და დირექტორის არჩევის საშუალება კინოცენტრის თანამშრომლებსა და სფეროს წარმომადგენლებს ჰქონდეთ.
"ამ შემთხვევაში ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ ეს რეორგანიზაცია, რომელიც არის სრული ფარსი და რაღაც სადამსჯელო ოპერაცია, უნდა გაჩერდეს. ამ ფორმით აღარ უნდა იყოს. არ უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი დირექტორი. ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს ის, რომელიც არ ვიცით ვინ არის, უნდა იყოს გამჭვირვალედ. ყველაფერი უნდა მოხდეს დემოკრატული გზით. სექტორის წარმომადგენლები უნდა ჩავერთოთ, ადამიანურად, ცივილურად ავირჩიოთ დირექტორი, იმას ექნება თავისი გეგმა, თავისი ხედვა, როგორც აქამდე იყო", - ამბობს კინოცენტრის თანამშრომელი, დავით დავითიანი.
სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და პროცესი შესაძლოა სამართლებრივ დავაში გადაიზარდოს. კულტურის სამინისტროს მიმდინარე მოვლენებზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანმა კინოცენტრიდან დირექტორის მოადგილეები - ნინო კუხალაშვილი და მაკო ჭილაშვილი - გაათავისუფლა.