ინ ვიტრო განაყოფიერების გაკეთებაც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ - მთავრობის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის ნებისმიერი გზა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. 

აზარაშვილის განმარტებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ როგორც სუროგაციის, ასევე ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდებით.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში ასევე არის ჩანაწერი, რომელიც კრძალავს ამ თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რეკლამას.

"მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის საკითხები, იქნება დაშვებული მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ინ ვიტრო განაყოფიერების მაღალტექნოლოგიური მეთოდით შვილის გაჩენა. ასევე, სუროგაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სუროგაციის უფლება. 

ანუ, მთლიანად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე იქნება დაკავშირებული. ასევე დაკავშირებულია ძალიან არაეთიკურ და ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული, ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო, არ მინდა მტკიცებით ფორმაში საუბარი, ასევე, მოგეხსენებათ ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით და სხვა ყველა ის არაეთიკური თუ მიუღებელი ფორმა, რომელიც შეიძლება ამ დაურეგულირებელ ბაზარს ახლდეს. ახლა მკაფიოდ გვაქვს ჩანაწერი უკვე კანონში და ეს შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. 

ასევე ამ კანონშია ჩანაწერი, რომ ყველანაირი ამ ტიპის რეკლამა იკრძალება ქვეყანაში. რადგან, მოგეხსენებათ და ხშირად შეგხვედრიათ ალბათ, სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა საშუალებებით, იგივე ქუჩებში და მეტროებში არის სხვადასხვა შეთავაზებები სუროგაციასთან დაკავშირებით, იგივე ინვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა," - თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სუროგაციის დარეგულირების ინიციატივაზე ისაუბრა. ღარიბაშვილმა მთავრობის ეს ინიციატივა ჰომოფობიური არგუმენტებით გაამყარა და თქვა, რომ საქართველოდან ბავშვები "შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი