"უმრავლესობის პოზიცია არის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული" | მდინარაძე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველმა პარტიამ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს დაძლევს. 

როგორც მდინარაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ეროვნული ბანკის მართვა კომპეტენტური და დამოუკიდებელი კადრებით ხორციელდებოდეს. 

მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება მათსა და სალომე ზურაბიშვილის პოზიციას შორის არის ეროვნული ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციის დამატება.

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართლა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირად არის საუბარი. დევალვაცია, ინფლაცია და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. 

აქვე უნდა დავძინოთ, რომ ერთადერთი განცხადება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი, სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამასთან მიმართებაში არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს," - ამტკიცებს მდინარაძე. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო 23 თებერვალს დაადო და განმარტა, რომ ცვლილებებით "ქართული ოცნება" უწყებაში გავლენების გაძლიერებას ცდილობდა. 

ვეტოს დადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველ პარტიას სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა, რათა მის მიერ დასანიშნ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთი "ოცნების" სასურველი კანდიდატი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ყოფილიყო. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს სთავაზობდა, რომ მისი საკუთარი კანდიდატურის დანიშვნის სანაცვლოდ მმართველი პარტია პარლამენტში მის ვეტოს აღარ დაძლევდა. პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს კანდიდატურაზე ხუციშვილის წარდგენაც არასასურველად მიიჩნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი