
"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია არის ძალა, რომელიც პატრიოტული ემოციებითა და პრაგმატიზმით დგას "დეოკუპაციის გზაზე". მისივე თქმით, ისინი პატრიოტიზმს და ქვეყნის სიყვარულს ვერ ისწავლიან "ნაცებისგან".
მდინარაძემ ამის შესახებ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ევროკავშირის ელჩების მიერ გადაცემული დემარშის კონტექსტში ისაუბრა.
"თუ დაფრინავს თურქეთში, თუ დაფრინავს სომხეთში, თუ დაფრინავს აზერბაიჯანში, თუ დაფრინავს ისრაელში, ჩვენს რეგიონში თუ დაფრინავს ყველგან, რატომ არ უნდა დაფრინავდეს საქართველოში, რა აზრი აქვს, რა განსხვავებაა ამ ორ რაღაცას შორის, ბაქოში გაფრინდება და იქიდან ჩამოფრინდება თუ პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდება.
მხოლოდ და მხოლოდ ემოციაა განსხვავებული, რომელსაც ძალით ქმნიან და როდესაც პრაგმატულად შევხედავთ საკითხს, მოდით ნახეთ ისინი როდის საუბრობდნენ 2008 წლის შემდეგ და ესენი არ დაგავიწყდეთ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებას, ომის დანაშაულს აბრალებდნენ და დღეს გამოდიან და მორალს გვიკითხავენ ჩვენ რუსულ თემებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც რეალურად პატრიოტული ემოციებიდან გამომდინარე, მათ შორის პრაგმატულად ვდგავართ იმ გზაზე, რომელსაც დეოკუპაცია ჰქვია და ქვეყნის და ხალხის სიყვარულს ვერ ვისწავლით ნაცებისგან, ნაცებისგან რომლებიც წითელ ხიდზე ასწრებდნენ ყველას და ყველაფერს. ჩვეულებრივ ხალხს რაც არ მოუფიქრებიათ მაშინ, ის მოიფიქრეს და მოაფიქრდათ რომ გაქცეულიყვნენ ამ ქვეყნიდან. და რამე რომ იყოს, ომს რომ მითხოვენ პირდაპირი თუ ირიბი გზებით ისინი და მისი მეგობრები, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, ომს ისინი ვერ ასწავლიან ვერავის. ამ ქვეყანამ გადაიარა 3 ომი და თავის წილი სისხლი ამ ქვეყანას დაღვრილი აქვს და მეოთხედ, გაცილებით მეტი სისხლის დაღვრა არ არის საჭირო იმისთვის, რომ სამართლიანი მიდგომა გვქონდეს ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან. ეს არის ჩვენი მკაფიო მესიჯი", - თქვა მდინარაძემ ბრიფინგზე.