ერთი სატელეფონო საუბარი, რომელიც "ქართული ოცნების" რეალურ სახეს გვაჩვენებს. "მთავარი არხის" ექსპერიმენტი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მონაწილეობით, ნათელს ხდის, თუ რა ღირებულებებს აფასებს და ამკვიდრებს ამ ქვეყანაში ხელისუფლება. როინ მეტრეველისა და ჩვენი ჟურნალისტის, ბექა ყორშიას საუბარი საზოგადოებრივი სკანდალის მიზეზი ხდება და ამტკიცებს, რომ ხელისუფლების გარდა, მეცნიერების და შესაძლოა ბევრ სხვა დარგშიც უმაღლეს თანამდებობებს საეჭვო ღირებულებების ადამიანები იკავებენ.
ეს მლიქვნელობის აკადემიური მაგალითი იყო. როინ მეტრეველს არცერთი წამით არ გაუპროტესტებია, არც კი გაკვირვებია იდეა, რომ შესაძლებელი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის წოდება მიენიჭებინა. ამ ერთი სატელეფონო საუბრით აკადემიკოსმა, ისტორიკოსმა, რექტორმა და კომუნისტმა როინ მეტრეველმა დაამტკიცა, რომ ყველა ლეგენდა მის შესახებ - სიმართლეა. და ის როგორც კვლავაც ჭეშმარიტი საბჭოთა ფუქნციონერი, მზად არის გააკეთოს ყველაფერი რომ უფროსს ასიამოვნოს.