
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში" ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება და ფუნქციები.
ცვლილებების თანახმად, მაკონტროლებელ ორგანოს ნებისმიერ ფარმაცევტულ თუ სამედიცინო ობიექტზე უფლებამოსილება ეძლევა, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე ნებისმიერ დროს შევიდეს.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ამ ქმედებას სასამართლოს თანხმობა სჭირდება, რაც რეგულაციის სააგენტოს შესაძლებლობებს ასუსტებს.
"ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილება ითვალისწინებს მარეგულირებლის უფლებამოსილებას, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს თავისუფლად შევიდეს კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტში.
დღევანდელი მდგომარეობით, ამ ქმედებას სჭირდება სასამართლოს თანხმობა და მხოლოდ სასამართლოს თანხმობა და მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემდეგ, რასაც ასევე თან ახლავს შეტყობინების გაგზავნა იმ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს ინტერესის საგანს, მათ მიერ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია რეგულირების სააგენტოს შევიდეს და დაიწყოს მოკვლევა, რაც ვფიქრობთ რომ ასუსტებს რეგულირების სააგენტოს ოპერატიული და ობიექტური მოქმედების შესაძლებლობას", - ამბობს თამარ გაბუნია.
ოპოზიციაში შიშობენ, რომ რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაძლიერების შემთხვევაში, შესაძლებელია იგი რეპრესიებისთვის იყოს გამოყენებული.