ვენეციის კომისიამ “ოცნების” "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონს რეკომენდაცია არ გაუწია

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, "ოცნებამ" პარლამენტში ინიცირებული, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი არ მიიღოს. დოკუმენტი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. 

დოკუმენტში წერია, რომ სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

ვენეციის კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინისა და საქართველოს და მოლდოვას კონტექსტი ერთმანეთისგან განსხვავებულია და საქართველოს არ გამოადგება ის მიდგომა, რომელიც უკრაინაში იყო. 

"ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იქნას მიღებული. საქართველოს ხელისუფლებამ კი ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად: 

1. განახორციელოს არსებული სისტემური ღონისძიებების სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზი, ასევე საქართველოს ნაკლოვანებები სტრუქტურის, უფლებამოსილებებისა და კოორდინაციის თვალსაზრისით;

2. შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც მოიცავს:

  • ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;
  • მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და პრევენციას GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად;
  • სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
  • მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების გამჭვირვალობის გაძლიერებას;
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაძლიერებას, ასევე იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობას... დროულ და ეფექტურ ხელმისაწვდომობას სასარგებლო საკუთრების ინფორმაციაზე, MONEYVAL-სა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად;
  • პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების გაძლიერებას; ასევე, არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
  • საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული დეოლიგარქიზაციის კანონი პარლამენტმა 16 ნოემბერს მეორე მოსმენით მიიღო. "ქართული ოცნება" აცხადებდა, რომ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი უკრაინული ანალოგია.

უკვე 21 ნოემბერს კი დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა.

დეოლიგარქიზაციის კანონი ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელი პირობიდან, რომელიც საქართველომ
ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ მიიღო.

რას გულისხმობს "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული პროექტი? 

"კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები: „ოლიგარქის“ ცნების განმარტება; პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს."

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი