
ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინელების მიერ წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად რუსეთის 35-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო კორესპონდენტი, იური კოტენოკი Telegram-ზე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გორიაჩოვი სარაკეტო თავდასხმის დროს მოკვდა.
"მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა გუშინ, მთელი დღის განმავლობაში (12 ივნისს), განსაკუთრებით "ვოსტოკის" დაჯგუფების შეხების თითქმის მთელს ხაზზე," - წერს კოტენოკი Telegram-ის არხზე.
მისივე ინფორმაციით, გორიაჩევმა სამხედრო სამსახური რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებში გაიარა. იგი მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში რუსულ კონტინგენტს მეთაურობდა, ასევე ხელმძღვანელობდა რუსულ ჯგუფს ტაჯიკეთში.
როგორც კოტენოკი აღნიშნავს, რუსეთის ჯარმა "ერთ-ერთი ნათელი და ყველაზე ეფექტური" სამხედრო ლიდერი დაკარგა.