თუ ლგბტ თემას სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის იარაღად გამოიყენებთ, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი - ხუნდაძე პარტნიორებს

გამოქვეყნდა:

"ხალხის ძალის" წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის აზრით, ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები, სხვა მიზნებთან ერთად, არჩევნების მოსაგებად სჭირდება. 

ხუნდაძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ივლისის თვეში დაანონსებულ პრაიდ კვირეულსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ თემის წარმომადგენლებს, ალბათ ამერიკის მფარველობის იმედი აქვთ. 

დეპუტატმა საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა და თქვა,  რომ ტოლერანტობასთან დაკავშირებით მითითებებს არავისგან მიიღებენ. მისივე განცხადებით, თუ ლგბტ თემას კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში "შანტაჟის იარაღად" გამოიყენებენ, საზოგადოებისგან პასუხი "შესაბამისი" იქნება. 

"თუკი ამერიკის პრეზიდენტს ლგბტ თემის წარმომადგენლების ხმები სხვა მიზნებთან ერთად არჩევნების მოსაგებად სჭირდება, საქართველოში ამის პროპაგანდა სიტუაციის ასარევად, ყველაზე ხელუხლებელი რწმენის გასანადგურებლად და ქართული სინდისის გასაქრობად სურთ. 

ახლოვდება ივლისის თვე და დაანონსებულია ლგბტ პრაიდი, ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის პერიოდში, ალბათ მათი მფარველობის იმედით. მივმართავ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, თქვენ საქართველოში მართალია საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით, და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ, მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა ჩვენ ქვეყანაში, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს. ჩვენ არავისგან გვესწავლება ტოლერანტობა და არც არავისგან მივიღებთ ამაზე მითითებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის წევრის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისაგან პასუხი იქნება შესაბამისი. ეს ქვეყანა სწორედ ღირსებით, რწმენისა და ტრადიციების პატივისცემით მოვიდა აქამდე და ჩვენ დღეს მის მომავალს ფერად წერტილს ვერავის დავასმევინებთ", - თქვა ხუნდაძემ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი