ფურცელი წარწერით - ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ - სამართალდამცავებმა თამარ ბაჩალიაშვილის სხვა ნივთებთან ერთად მის ავტომობილში ნახეს. შემთხვევის ადგილას დალუქულ მოფისფრო მცირე ზომის ფურცელზე კალიგრაფიული ექსპერტიზა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამომძიებლები სპეციალისტებისგან იმის დადგენას ითხოვდნენ, ეკუთვნოდა თუ არა შავი ფერის ჩანთაში ნაპოვნ ფურცელზე გაკეთებული ეს წარწერა თამარ ბაჩალიაშვილს. 5 აგვისტოთი დათარიღებულ დასკვნაში, რომელიც შინაგან საქმეტა სამინისტრომ დღე გაავრცელა, მითითებულია, რომ უთარიღო ფურცელზე გაკეთებული ჩანაწერი ნამდვილად 23 წლის პროგრამისტს ეკუთვნის.
ამავე განცხადებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის ანაბარზე სოლიდური თანხა მართლაც არსებობდა. მსგავსი ცნობა სხვადასხვა წყაროებით 23 წლის პროგრამისტის ცხედრის აღმოჩენისთანავე გავრცელდა.
თამარი რომ ფულს აგროვებდა, ოჯახისთვის საიდუმლო არ ყოფილა. დედამ დღესაც დაადასტურა, რომ სოლიდური გასამრჯელოდან მისი შვილი გარკვეულ ნაწილს უცხოეთში მაგისტრატურის გასავლელად ინახავდა. შესაბამისად, ანაბარზე 75 ათასი ლარის არსებობა არ გაკვირვებია. დედას ეჭვებს შსს-ს მიერ დღეს, 6 აგვისტოს გავრცელებული წერილი უჩენს.
ბაჩალიაშვილები დარწმუნებულები არიან, რომ თამარი მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გამო მოკლეს შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყეს. ოჯახი ამბობს, რომ ამ ვერსიის განვითარებას ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროც ხელს უწყობს. ამის მაგალითი მათთვის ის ინფორმაციაა, რომელსაც გამოძიება შუალედური დასკვნის სახით ასაჯაროებს. საუბარია დაღუპული პროგრამისტის კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნაზე და მის მიერ გვერდებზე შესვლის ისტორიზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 17 ივლისს, ანუ დაღუპვის წინა დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი Facebook-ის დახმარების განყოფილებაში ცდილობდა გაერკვია, რა მოუვიდოდა მის გვერდს გარდაცვალების შემდეგ.
თვითმკვლელობის ვერსიის გასამყარებლად იმავე განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ცნობებსაც უთითებს. კერძოდ, წერს რომ გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, ბაჩალიაშვილი Google-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის მეთოდებზე ინფორმაციას ეძებდა. ასევე, ნახულობდა სხვადასხვა მედიკამენტს.
მშობლებს გამოძიებისა და სამართალდამცავების მოპოვებული ინფორმაციის არ სჯერა. არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ცნობების გავრცელება კონკრეტული ადამიანების ინტერესში იყოს, რადგან საქმე მკვლელობად არ გადაკვალიფიცირდეს და საზოგადოებაც დაარწმუნონ, რომ 23 წლის წარმატებულმა პროგრამისტმა თავი მოიკლა.
ოჯახის ადვოკატიც თვლის, რომ გამოძიების ინტერესი ახლა მხოლოდ თვითმკვლელობის დადასტურებაა. მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ამისათვის მზადება ჯერ კიდევ 22 ივლისს დაიწყეს, როცა ცხედრის აღმოჩენის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა და მანქანაში ტაბლეტებიც აღმოაჩინეს. ორი კვირის წინ გაკეთებული განცხადებები და გამოძიების შუალედური შედეგი ადვოკატს მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საფუძველს უტოვებს.
ყველა ამ გარემოებაზე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლემბა და ოჯახის ადვოკატმა დღეს გენერალურ პროკურორთან ისაუბრეს. შედეგად, ირაკლი შოთაძისგან მიიღეს დაპირება, რომ საქმეს ის პირადად გააკონტოლებს და გამოძიებაში ამერიკის ფედერალურ ბიუროსაც ჩართავს. დედა ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული შუალედური დასკვნის აქცენტები არც შოთაძეს მოეწონა.
ბაცალიაშვილები ახლა პროკურატურის ქმედებებს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების მიმართულება არ შეიცვლება, შვილმკვდარი ოჯახი არ გამორიცხავს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს და სიმართლის დადგენის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყოს.