სროლა საოკუპაციო ხაზთან - ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაცია განაახლეს და წვრთნებს ატარებენ

გამოქვეყნდა:

სროლა და უკანონო ბორდერიზაციის ახალი ტალღა შიდა ქართლში -"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ვიდეომასალით დგინდება რომ ოკუპანტები ცოტა ხნის წინ იარაღიდან ისროდნენ,  პარალელურად კი  მათ ადგილზე უკანონო სამუშაოები განახორციელეს. 

საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით განცხადება სუს-მა გაავრცელა, თუმცა იქ არაფერია ნათქვამი სროლაზე

"ხურვალეთში ბოლო 2 დღის განმავლობაში ისმოდა ინტენსიური ავტომატური ცეცხლის ხმა. დიდი ალბათობით მიმდინარეობდა წვრთნები. მოვახერხეთ აუდიომტკიცებულების მოპოვება. ხურვალეთის ერთ ერთ უბანზე, ბობნევში, ვალია ბებოს ბაღის მიმდებარედ განხორციელდა შეღობვა. რუსები აგრძელებენ თავის აგრესიას. სამუშაოები ხორციელდება ოკუპაციის ხაზზე, მიმდინარეობს ბორდერიზაცია და საოკუპაციო ღობის მშენებლობა, რომელიც მიუყვება საოკუპაციო ხაზს." ამბობს "მთავართან" ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა.

"მთავარი" დღეს ასევე იმყოფებოდა  ჩორჩანაში, რომელიც  სამი წლის  განმავლობაში მედიისთვის ჩაკეტილი იყო. 

სწორედ ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგოს გაუქმებას ითხოვს მუდმივად ერგნეთის შეხვედრებზე საოკუპაციო რეჟიმი. მოსახლეობა შეშინებულია და მძიმე სოციალურ ყოფაზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით, ადგილზე ქართული პოლიციის საგუშაგოს არსებობას მათი უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

შეგახსენებთ, დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხდა, მათი პრობლემები მოისმინა და უფლებრივ მდგომარეობას გაეცნო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი