არჩევნებამდე 3 თვით ადრე, "ოცნების" მთავრობამ მოქალაქეებისთვის ფულის დარიგება დაიწყო. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზეზით, პრემიერმინისტრმა ეს პროცესი - სოციალური დახმარების გეგმად გამოაცხადა და თქვა, რომ ამით მოსახლეობის დახმარების მესამე ეტაპი დაიწყო. სულ პროექტზე 410 მილიონი დაიხარჯება. განსაკუთრებულ აქცენტს დღეს პრემიერი გიორგი გახარია ბავშვებსა და სტუდენტებზე აკეთებდა. გეგმის მიხედვით, 17 წლამდე ყველა ბავშვი 200 ლარიან დახმარებას მიიღებს. ყველა სტუდენტს კი ვინც სოციალურად დაუცველია, ბიუჯეტი ახალი სასწავლო წლის ერთ სემესტრს სრულად დაუფინანსებს.
ირკვევა, რომ მთავრობა იმ თვითდასაქმებულების გულის მოგებასაც შეეცდება, ვისაც 300-ლარიანი დახმარება უნდა მიეღო, მაგრამ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა. გიორგი გახარიას ინფორმაციით, ასეთი ქვეყანაში 80 ათასი პირია. ისინი ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ოპოზიციამ ანტიკრიზისული გეგმა ამომრჩეველთა პირდაპირ მოსყიდვად შეაფასა და "ოცნების" ფარისევლობა უწოდა. ოპოზიციის ყველა ლიდერი დღეს ამომრჩეველს საგანგებოდ მიმართავდა, რომ იმ მთავრობისგან რომელმაც მოსახლეობა ორჯერ გააღარიბა, ყველანაირი დახმარება უნდა მიიღოს, რადგან ეს მათი ფულია.
უფრო კატეგორიული იყო დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებმა საგანგებოდ მიმართეს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და შეახსენეს, რომ ქვეყნაში შიმშილია. შიმშილობენ ბავშვები და ეს იმ პირობებში როდესაც ქვეყნის მმართველის ანგარიშზე ოფიციალურად 7 მილიარდი ირიცხება.
რატომ არ გასცა მთავრობამ მსგავსი დახმარებები ბევრად უფრო ადრე, როდესაც კრიზისი დაიწყო და ქვეყანა თითქმის გაჩერდა, ეს დღეს ეკონომიკური ექსპერტების მთავარი შეკითხვა იყო. სწორედ ხელისუფლების ასეთი მიზანმიმართული ქმედება და არჩევნებამდე ფულის დარიგება აძლევს ექსპერტებს იმის თქმის საფუძველს, რომ ოცნების ეს გეგმა ამომრჩეველთა პირდაპირი მოსყიდვაა.
მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილება კომუნალური გადასახედების სუბსიდირებაა. ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით ანუ 4 თვის განმავლობაში, ვინც 200 კილოვატ საათ ელექტროენეგიასა და 200 კუბურ მეტს გაზს მოიხმარს, გადასახდები ბიუჯეტუიდან დაიფარება. ეს იმ ოჯახებს შეეხება ვინც თვეში ელექტრონერგიაზე დაახლოებით 37 ლარამდე, ხოლოდ ბუნებრივ აირზე კი მაქსიმუმ 92 ლარს იხდიან.