
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა როსტოვში 14 ივნისს დაწყებული აზოვსტალის 22 მცველის სასამართლო პროცესს სამხედრო დანაშაული უწოდა. მისი თქმით, ეს ფაქტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ცალკე შეფასებას იმსახურებს.
"როსტოვში, აზოვსტალის დამცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის ფოტოები სხვა არაფერია, თუ არა ამაზრზენი. დახვეწილად ჩაცმული პროკურორები და ნაფიცი მსაჯულები ბრწყინვალე ღიმილით „ასამართლებენ“ ბიჭებსა და გოგოებს, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკისა და წამების შემდეგ, ჩონჩხებს ჰგვანან. მებრძოლების ასეთი შეურაცხყოფა არის ოფიციალური სამხედრო დანაშაული, რომელიც სათანადოდ უნდა შეაფასოს ICC-მა. დიახ, მითხარით, ვინმე ხედავთ დარბაზში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს?" წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, როსტოვის სასამართლოში 22 უკრაინელ სამხედრო ტყვეს ასამართლებენ, მათ შორის 8 ქალია, რომლებიც, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში მზარეულად მუშაობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ 2022 წლის მარტში ჩავარდნენ.
რუსეთი მათ ტერორიზმში ადანაშაულებს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლიანი პატიმრობის შეფარდებას უპირებს.
შემდეგი სასამართლო სხდომა 28 ივნისს არის ჩანიშნული.