
კონტრშეტევითი ოპერაციების დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე გაათავისუფლეს 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია რუსი ოკუპანტებისაგან - განაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბრიგადის გენერალ ოლექსი გრომოვის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ უკრაინული ქალაქების გაწმენდას ოკუპანტებისგან, ზაპოროჟიეს რეგიონში. მისი თქმით, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სოფელ ტოკმაჩკასთან ახლოს 3 კილომეტრით წინ წაიწიეს, დონეცკის მიმართულებით, სოფელ ველიკა ნოვისილკასთან კი - 7 კილომეტრამდე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ცნობით კი რუსი ოკუპანტები დამატებით რეზერვებს აგროვებენ ბახმუტის მიმართულებით და მთელი ძალით ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ძალების წინსვლა აღკვეთონ.
დაფიქსირდა სამხრეთიდან ბახმუტის მიმართულებით მტრის საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ქვედანაყოფის მოძრაობაც.
"მტერი ვერ მიიწევს წინ და არ შეუძლია შეიარაღებული ძალების ეფექტურად შეკავება" - აღნიშნა მალიარმა.