8 მილიონი ზუგდიდის ყინულის მოედნის მესამედ ასაშენებლად

გამოქვეყნდა:

დახარჯული 8 მილიონი ლარი დაუსრულებელი ყინულის მოედნის მოსაწყობად - ორჯერ აშენებული, ორჯერ დანგრეული და გაჩუქებული - ეს იმ ყინულის მოედნის ისტორიაა, რომლის მშენებლობაც ზუგდიდში ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო და დღემდე ვერ დასრულდა. 2020 წელს კი ყველაფერი თავიდან იწყება. მოედანი ისევ ნაწილებად დაშალეს, თუმცა ამჯერად დემონტაჟის აუცილებლობის საკითხი იმ ადგილის გაყიდვამ გამოიწვია, სადაც ყინულის მოედანი იყო განთავსებული.

ყინულის მოედანი ამჯერად სხვა ტერიტორიაზე - ყოფილი “კომკავშირის პარკში” აშენდება. მშენებლობის ზუსტი ღირებულება მუნიციპალიტეტს ჯერ არ დაუანგარიშებია. თუმცა დემონტაჟის ხარჯები დათვლილია -  214 700 ლარი. 

ყინულის სახლი 2012 წლიდან დღემდე არცერთი დღე არ ფუნქციონირებდა. ამის მიუხედავად, მის რეაბილიტაციაზე, მოვლა-პატრონობასა და თანამშრომელთა ხელფასებზე 2011 წლიდან დღემდე 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. "საერთაშიროსო გამჭვირვალობა საქართველო" ფინანსური რესურსების არაეფექტურ ხარჯვაზე საუბრობს და საგამოძიებო ორგანოებს მშენებლობის პროცესის შესწავლისკენ მოუწოდებს. 

ყინულის მოედნის აქეთ-იქით გადატანა-გადმოტანას ადგილობრივების პროტესტის მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოედნის ადგილას სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, დადიანების სასახლის მიმდებარე ტირიტორიაზე იმ მოედნის გაუქმება, რომელიც ისედაც გაუქმებული იყო და სასტუმროს აშენება, დაუშვებელია და მისი მშენებლობა საფრთხეს შეუქმნის ისტორიულ სასახლეებს. პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია - საკრებულომ ტერიტორიის გაყიდვას მხარი დაუჭირა. 

ყინულის მოედნის მშენებლობა და რეაბილიტაცია სხვადასხვა დროს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდებოდა. რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო აშენდება, თუმცა ეღირსება თუ არა ზუგდიდს ფუნქციონალური ყინულის მოედანი, ეს ჯერჯერობით, უცნობია.

 

ავტორი: ემა გოგოხია, გურანდა ავალიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი