
გურჯაანში სტიქიის შედეგად დატბორილი ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. ადიდებულმა მდინარემ ქალაქის სრული პარალიზება გამოიწვია. დაიტბორა ცენტრალური ქუჩები, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ასობით აბონენტს გურჯაანში ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
გურჯაანის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ჩასვლას. მერიის სამსახურის თანამშრომლები გიორგი ბოტკოველს დაუპირისპირდნენ და უთხრეს, რომ იაფფასიანი პოპულისტია.
"ჩვენ გვაქვს სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება, მე პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ როგორც გურჯაანის მიმართ, საგარეჯოს მიმართ, თელავის მიმართ, ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, წუხელაც ვიყავი აქ და დღესაც ვიქნები აქ, არავინ არ ამბობს, რომ წუხელ არ მუშაობდნენ, მე ვხედავდი ჩემი თვალით, რომ მაშველები ჩართულები იყვნენ, აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ მეტი ჩართულობაა საჭირო, მეტი მხარდაჭერაა საჭირო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ამაზეა საუბარი", - ამბობს ბოტკოველი.
მისივე თქმით, დროულად უნდა დაიწყოს ზარალის დათვლა და ანაზღაურება, რომელიც ადგილობრივებს მიადგა.
ადგილზე მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა ამ დროისთვისაც მუშაობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ. მათივე თქმით, ხევი, რომელმაც ქალაქი დატბორა, წლების განმავლობაში არ გაწმენდილა.
ავტორი: ია გულიაშვილი.