დროებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სულ რაღაც ერთ თვეში, 2023 წლის მაისში, ე.წ საზღვრის კვეთისთვის 49 ადამიანი დააკავეს.
"2023 წლის მაისში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე სასაზღვრო ზონაში 49 კანონდამრღვევი დააკავეს, მათგან 10 - სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევი, 39 კი სასაზღვრო რეჟიმის," - წერს დე ფაქტო უწყება.
მათივე ცნობით, 18 უკანონოდ დაკავებული დაჯარიმდა, სამი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიიდან "გააძევეს", 21 უკანონოდ დაკავებული სიტყვიერად გააფრთხილეს, ხოლო 2 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 5 დაკავებულის შემთხვევაში დე ფაქტო უწყებას გადაწყვეტილება არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების უწყებამ მაისის თვეშიც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ აპრილის თვეში ე.წ საზღვრის კვეთისთვის 45 ადამიანი დააკავეს.