მდინარაძის თქმით, "ოცნება" NATO-ში ინტეგრაციაზე დეპუტატების განცხადებას კონტექსტის გათვალისწინებით არ შეუერთდა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხელისუფლება წელს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის  მხარდაჭერის შესახებ პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებას კონტექსტის გათვალისწინებით არ შეუერთდა.

საუბარია საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ერთობლივ განცხადებაზე, რომლითაც ისინი NATO-ს წევრ ქვეყნებს მიმართავენ.

მსგავსი განცხადება NATO-ში ყოველ წელს იგზავნება. ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ახლა რეზოლუციების და "ყალბი დეკლარირების დრო არაა".

მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით ახლა კონტექსტი განსხვავებულია და არგაგზავნის ერთ-ერთი მიზეზი უსაფრთხოებაა.

"ერთ რამეს გეტყვით და იმის შემდეგ აღარ დამაკონკრეტებინოთ, მე მგონი, უნდა მიხვდეს ყველა ყველაფერს. 2021 წლის და წლევანდელი კონტექსტის უსაფრთხოების რისკების და ა.შ. სხვა ამ საკითხებთან მიმართებით კონტექსტის განსხვავებას თქვენ თუ ვერ ხვდებით, მე ძალიან კარგად ვხვდები, ვიცი და ქართული საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ხვდება ამ ყველაფერს. თქვენ თუ მეუბნებით, რომ საგარეო პოზიციებზე ჩვენ კონტექსტი არ უნდა გავითვალისწინოთ და ზუსტად იგივე რაღაცები უნდა ვაკეთოთ, როგორც 2021 წელს, დღეს ამ მიმდინარე პრობლემების ფონზე, შემიძლია გითხრათ, რომ სასტიკად ცდებით", - თქვა მდინარაძემ.

ამის შემდეგ ჟურნალისტებმა მდინარაძე სთხოვეს დაეკონკრეტებინა რა საფრთხეებზე საუბრობდა ის და ვისგან მომდინარე საფრთხეს გულისხმობდა, რაზეც მამუკა მდინარაძემ თქვა: "საფრთხე მოდის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან".

"2021 წლის კონტექსტი და დღევანდელი არის განსხვავებული და ჩვენ გამოვდივართ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის უსაფრთხოების კონტექსტიც" - თქვა მდინარაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიმართვას, მდინარაძემ აღნიშნულს პროვოკაცია უწოდა.

"მათი [ოპოზიციის] მიზნები რადგან ვიცით, რომ არის მკაფიოდ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საქართველოს ომში ჩართვა და მათი დავალების მიმცემების დავალების შესრულება, ამიტომ ჩვენ უბრალოდ მათ არცერთ საგარეო სამართლებრივ ინიციატივას არ ვუერთდებით, ამ რისკების გამორიცხვის მიზნით", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი