
"არა, არ ითხოვენ მაგრამ ხო ევასებათ?" - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ "ლელოს" დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას, ითხოვს თუ არა ევროკავშირი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში.
სამადაშვილმა შეკითხვა ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვა და მოუწოდა, გაეკეთებინა განმარტება "ოცნების" ბოლოდროინდელი პროპაგანდაზე
"როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოს სთხოვს ჩვენი ტრადიციებისთვის და ჩვენი სოციუმისთვის მიუღებელი ცვლილებების განხორციელებას, მაგალითად დედას მამა რომ უნდა დაუძახო, მამას დედა, ერთსქესიანთა ქორწინება რომ უნდა დააკანონონ, ეს მართალია თუ ტყუილია - ითხოვს ევროკავშირი ამას საქართველოსგან?" - ჰკითხა სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მინისტრის საათის ფარგლებში, თუმცა მის მაგივრად კითხვაზე პასუხი გია ვოლსკიმ, დარბაზიდან რეპლიკის სახით გასცა.
ვოლსკის რეპლიკის შემდეგ სამადაშვილის კითხვას პროტესტი მოჰყვა "ქართული ოცნების" დეპუტატებისგანაც, ისინი ამტკიცებდნენ რომ მისი კითხვა პროვოკაციული იყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მინისტრის საათის ფარგლებში უსმენდნენ.