"მოლაპარაკება მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ"- ზელენსკის პასუხი აფრიკული ქვეყნების დელეგაციას

გამოქვეყნდა:

რუსეთთან ყველა დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაიყინოს მანამ, სანამ ის არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინის ტერიტორიებიდან და ამით მოსკოვმა უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო საზოგადოება გმობს მის შეჭრას უკრაინაში - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დელეგაციას კიევში უმასპინძლა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა და შესაბამისად, რუსული ჯარების რეალური გაყვანა ჩვენი სუვერენული ტერიტორიიდან," - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში სამშვიდობო ინიციატივით, დელეგაცია სამხრეთ აფრიკის ლიდერის, კირილ რამაფოსას ხელმძღვანელობით ჩავიდა.

ისინი ორივე მხარეს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ზელენსკი ამბობს, რომ "ამ მომენტში ის ვერ ხედავს ამგვარი დიპლომატიური ინიციატივების საჭიროებას".

აფრიკის შვიდი ქვეყნის დელეგაცია აცხადებს, რომ მათ აქვთ კონფლიქტის დასრულების ინტერესი, რადგან ბევრი აფრიკული ქვეყანა დამოკიდებულია უკრაინულ მარცვლეულზე და რუსულ სასუქზე, რომელთა მიწოდება ომის გამო დაზარალდა.

ზელენსკიმ მათ პასუხად თქვა, რომ არა უკრაინა, არამედ რუსეთია დამნაშავე შექმნილ სასურსათო კრიზისში, რადგან სწორედ მან დაბლოკა შავი და აზოვის ზღვები.

უკრაინის შემდეგ, აფრიკის დელეგაცია რუსეთში აპირებს ჩასვლას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი