
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორ ბრაიან კემპს, პირველ ლედის და აშშ-ის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
"აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი „ბიოლში“ გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან," - ნათქვამია განცხადებაში.
ბრაიან კემპი კი Twitter-ზე წერს, რომ ღარიბაშვილთან თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.
„მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი საერთო აქვს," - წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი.
ცნობისთვის, დელეგაციის შემადგენლობაში ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი არიან.
როგორც აშშ-ის საელჩო ამბობდა, ამერიკელი გუბერნატორი ამ ვიზიტით ხაზს უსვამს საქართველოს ერთგულებას, მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე.