
პარტია „ლელო" დღევანდელ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ძალადობით პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და დევნა საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს.
პარტიის შეფასებით, ძალადობრივი გარემოს შექმნას ხელი დაუსჯელობამ და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ძალადობის წამახალისებელმა განცხადებებმა შეუწყო. „ლელო" ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შემთხვევის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
"ლელო-საქართველოსთვის" უკიდურესად შეშფოთებულია ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტით. ასევე საგანგაშოა, რომ პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკებთან დაიგეგმა აქცია და ფიზიკური ძალადობის ახალი პოტენციური საფრთხე შეიქმნა. ქვებს ესვრიან ახალგაზრდებს და ემუქრებიან.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული, უკანონო ძალადობაა და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვას.
ძალადობის ფორმებით პოლიტიკური ოპონენტების შევიწროება და დევნა მიუღებელია, ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების გაღრმავებას. ეს პროცესი ეწინააღმდეგება დემოკრატიული და კანონის უზენაესობის პრინციპებზე აგებული სახელმწიფოს არსს.
მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსგავსი არაერთი ფაქტის დაუსჯელად დატოვებამ, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მხრიდან აგრესიისა და ძალადობის წამახალისებელი განცხადებების გაკეთებამ, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან, ძალადობრივი გარემოს შექმნას პირდაპირ შეუწყო ხელი.
მოვითხოვთ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემთხვევა დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული და დასჯილი. მოვუწოდებთ პოლიციას მოქმედებისკენ და ახალგაზრდების დაცვისკენ.
სოლიდარობას ვუცხადებთ ზურას. ხელისუფლების მიერ მართული დაშინებისა და ძალადობის კამპანია ვერ აიძულებს ვერც დემოკრატიულ ოპოზიციას, ვერც თავისუფალ მედიას და ვერც სამოქალაქო საზოგადოებას, შეწყვიტოს ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად!" ნათქვამია განცხადებაში.