
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბორჯომში "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მომხდარსა და პარტიის ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი მომხდარს გმობს და სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას.
ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი.
სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში, სადაც სემინარი უნდა გამართულიყო მოძალადე ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.
პარტიაში ამბობენ, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო და მათ თბილისიდან აედევნენ.