რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაც შეირყა - ზალკალიანის წერილი euractiv -ში

გამოქვეყნდა:

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპედს აქვეყნებს.

„2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის უტიფარი მცდელობა იყო"- წერს ზალკალიანი და აღნიშნავს, რომ 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაც შეირყა.

დავით ზალკალიანის მოსაზრებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის უტიფარი მცდელობა იყო. მან ბიძგი მისცა მთელ რიგ მოვლენებს რეგიონში, რომლებმაც სერიოზული ზემოქმედება იქონია უსაფრთხოებაზე და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ხანგრძლივი დაღი დააჩნია

ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევასა და საქართველოს ორი რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ძალიან შორსაა მშვიდობის ნებისმიერი გაგებისგან“ – წერს ზალკალიანი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე რუსეთი გააქტიურდა და პანდემიას იყენებს, როგორც დამატებით შესაძლებლობას.

ერთი მხრივ, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერებით, ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებით, ეთნიკური ქართველებისთვის სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმით, ხოლო მეორე მხრივ, დეზინფორმაციული კამპანიის გაჩაღებითა და კერძოდ, ლუგარის კვლევით დაწესებულებაზე სიცრუის ტირაჟირებით, რუსეთი საქართველოში თავისი გავლენების გაძლიერებას ცდილობს – ნათქვამია სტატიაში.

ზალკალიანი წერს, რომ რუსეთის ქმედებების მიუხედავად, საქართველო არასდროს იტყვის უარს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. მისივე თქმით, ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და იყენებს ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს​

თუმცა, ზალკალიანი წერს, რომ საქართველოს ინტენსიური სამშვიდობო პოლიტიკის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული.

მისი თქმით, ევროპის სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი რეაგირება საშიშ პრეცედენტებს ქმნის და მთავარი დარტყმის ქვეშ სწორედ ევროპულ უსაფრთხოებას აყენებს.

„მტკიცე და მკაფიო უნდა იყოს ევროპის პოზიცია და გზავნილი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება

უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოდან. ეს გზას გაუხსნის უფრო მდგრად მშვიდობას მთელს რეგიონში“ – წერს ზალკალიანი და აღნიშნავს, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი, უკრაინის კრიზისთან ერთად, მთელი სიმწვავით უნდა განიხილებოდეს.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი