
2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები განცხადებებს დილიდან ავრცელებენ. ყველა მათგანი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და წერს, რომ რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამ დრომდე არ შეუსრულებია.
„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ – წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი twitter-ზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობის პარალელურად, ცალკე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა:
საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირის ჩართულობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის - წერს კარლ ჰარცელი
რუსული აგრესიის 12 წლისთავს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და საქარველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერ კიდევ ერთხელ დააფიქსირა:
„სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყოფნა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში და საქართველოს ამ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არდაშვება არის 2008 წლის 12 აგვიტოს გაფორმებული შეთანხმების დარღვევა“, – წერია განცხადებაში.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შუფერხებელი წვდომა - წერს თავის განცხადებაში აშშ-ს საელჩო საქართველოში
"დღეს 12 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთი აგრძელებს არალეგალურად განლაგებული საოკუპაციო ძალების მხრიდან პროვოკაციებს. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, მცოცავი ანექსია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. იმპერიალისტური რუსეთის ეს გზა განწირულია. რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა არის მაგალითის მიღება საქართველოსგან, რომელიც სამაგალითოა წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით. საქართველო გაბედულად ხვდება გლობალურ ცვლილებებს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"- წერს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.
12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა, მაგრამ 2008 წლის ომი არ დაწყებულა თავისით და არც დასრულებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული აგრესია, რაც გაგრძელდა მცოცავი ოკუპაციით და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით. როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარების პოლიტიკამ" აჩვენა, საქართველო არ არის მარტო აგრესიის წინაშე და სარგებლობს ძლიერი და ერთგული მეგობრების მხარდაჭერით. ევროკავშირი მხარს უჭერს მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს. რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. წლების შემდეგ რუსეთმა იგივე აგრესიული ტაქტიკა გამოიყენა უკრაინაშიც - წერს ევროპარლამენტარი, გერმანელი დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო.