თსუ-ში დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება ხეჩინაშვილის კლინიკაში მომხდარს, რა დროსაც შველიძესთან უცნობი პირი იარაღით შევიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, დავით კახნიაშვილია. მომხდარზე გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო.
ლუკა შველიძე გამოძიებას აბსურდულს უწოდებს.
"დღეს აქ დაზარალებულის სტატუსით ვარ მოსული. ჩვენება უნდა მივცე იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, როგორ გვცემდნენ, გვირტყამდნენ სტუდენტებს და როგორ ცდილობდნენ ჩვენთვის ფიზიკური დაზიანებების მოყენებას და როგორ გამოუვიდათ ეს ყველაფერი. გამოვიდა 20-მდე ადამიანი, პირდაპირი მოწოდება იყო: "ამას ურტყით" და დამესიენ მე, მომაქციეს ცენტრში და დაიწყეს რტყმა.
[...]
რაც შეეხება იმ მუხლს, ვფიქრობ სრული აბსურდია და არანაირად არ ვეთანხმები. შსს-ს არანაირ ინფორმაცია არ მოუწოდებია ამასთან დაკავშირებით", - თქვა ლუკა შველიძემ.
17 ივნისს თსუ-ში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ახალგაზრდები პროტესტის გამოხატვასა და ბანერების გაშლას ცდილობდნენ. პროტესტის გამო ახალგაზრდებს რამდენიმე უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. მიღებული დაზიანებების გამო, ლუკა შველიძე კლინიკაში გადაიყვანეს.
დაკითხვის პარალელურად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან შველიძის ახლობლები და მეგობრები, ადგილზეა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილიც.