იმას, რასაც ბოლო ორი დღეა ვუყურებთ, სახელისუფლებო ტერორი ჰქვია. როცა ძალადობისა და შიშის გამოყენება ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის. როცა პოლიცია ამ ძალადობის თანამონაწილეა საკუთარი უმოქმედობით, და ხშირად როგორც რეპრესიული ინსტრუმენტი და როცა ამავე ძალადობის მონაწილე ხდებიან ცალკეული სასულიერო პირები - სრულიად არაქრისტიანული მოწოდებებით.
"ქართული ოცნებისთვის" ეს არც ახალი ხელწერაა და არც რაიმე განსაკუთრებული. ამას აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან. მსგავსი სურათი ვნახეთ 2013 წლის 17 მაისს, ერთი ადვილად მოწყვლადი ჯგუფის წინაააღმდეგ. როცა ხელისუფლება ამ ჯგუფს ვითომ განრისხებული მოქალაქეების ხელით გაუსწორდა.
წარმატებული რეპეტიციის შემდეგ უკვე კორცხელის ცემა-ტყეპა იყო, როცა ვითომ გაბრაზებული მოქალაქეები ოპოზიციას გაუსწორდნენ, თუმცა რატომღაც ყველა ეს "მოქალაქე" "ოცნების" აქტივისტი აღმოჩნდა და ამ ძალადობის შემდეგ არათუ დასაჯეს, თანამდებობებზე დანიშნეს. "ოცნება" იყო 5 ივლისის ძალადობის დამკვეთიც და შემსრულებელიც, რომელიც სისრულეში ვითომ რადიკალებმა და პუტინისტებმა მოიყვანეს. თუმცა რეალურად ეს პირადად ჰაკიმ-ფაშას მეტსახელით ცნობილი პრემიერის წაქეზება იყო მედიის დასასჯელად.
7-8 მარტის მოვლენების შემდეგ, რუსული საქმის კეთებაში მხილებულმა ხელისუფლებამ მიზანში ახალი მსხვერპლი ამოიღო და მთელი სისასტიკით სდევნის იმ ახალგაზრდებს, ვისაც ამ ქვეყნის მომავალი ეკუთვნის. სდევნის და სცემს მომავალ თაობას, მომავალს ართმევს და ბნელ წარსულში მიაქანებს. ეს კარგად გაწერილი სცენარია, როგორ უნდა გამოიყენოს ტერორი ივანიშვილის რეჟიმმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. და ამის პარალელურად, კარგად გაწერილი სცენარია, რომ საქართველო არა შემდგარი სახელმწიფო იყოს, არამედ პირიქით - უკონტროლო ტერიტორია, დემილიტარიზებული, დაშინებული მოსახლეობით, მორღევული სახელმწიფო საზღვრებით და აყრილი ღირსებით.
პოლიტიკური ტერორის, ქაოსისა და ძალადობის სცენარის ავტორიც და შემსურელებელიც "ქართული ოცნებაა" და ამ სცენარის საბოლოო მიზანს ჩვენი ქვეყნის, როგორც შემდგარი სახელმწიფოს განადგურება წარმოადგენს. ასე რომ, ახლა, როგორც არასდროს, ყველა იმ ადამიანის გაერთიანება და მტკიცედ დგომაა საჭირო, ვინც საკუთარ სამშობლოს რუსულ ფულზე არ ყიდის, ვინც ღირსებას პოზნერის ელარჯში არ ათქვიფავს, და ვინც თავისუფალი საქართველოსთვის ყოველდღიურად შრომობს. ახლა ამ ტერორით ივანიშვილის რეჟიმი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის განეიტრალებას კი არა, ყველას დაშინებას ცდილობს.