
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აგვისტოს ომიდან 12 წლის თავზე, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უარს ამბობს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ამ თემასთან დაკავშირებით სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ნეგატიურ შედეგებს ებრძვის, რუსეთის ფედერაცია არ წყვეტს თავის პროვოკაციულ ქმედებებს და აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად. ბაშარულის, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი კიდევ უფრო ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს. ამ ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რომ საოკუპაციო ძალა დღემდე აბრკოლებს ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზების შეუზღუდავ წვდომას და უსაფრთხოებისა საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, - წერია განცხადებაში.
სამინისტრო წერს, რომ საქართველოს მთავრობისა და ხალხის "გააზრებული არჩევანია მშვიდობა და ქვეყნის მდგარდი განვითარება", რის გამოც ქვეყანა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას ახორციელებს.
უწყება მადლობას უხდის საერთაშორისო თანამეგობრობას ურყევი მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, - წერია განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.