დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან მაღაროელების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოძრაობა “სირცხვილია” წერს, რომ ჩვენ ქვეყანაში ადამიანები არსებობისთვის ითხოვენ შველას. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია დასაქმებულების ინტერესებს იცავდეს.
“10 ადამიანი, რომელიც უკვე 13 დღეა შიმშილობს. მათ გვერდით სხვა მაღაროელები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრეს, პირი და თვალები ამოიკერეს. შეუძლებელია, ვუყურებდეთ პროტესტის ასეთ მწვავე ფორმებს და ამ პროცესში “ჯორჯიან მანგანეზისა” და ხელისუფლების პოზიციებსა და ქმედებს რაიმე გამართლებას ვუძებნიდეთ.
დღეს, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვერდით, ადამიანები უბრალოდ არსებობისთვის ითხოვენ შველას. ხელისუფლება, რომელმაც თავად გადასცა კერძო კომპანიას ხალხის საკუთრება, ვალდებულია ხალხის, დასაქმებულთა ინტერესებს იცავდეს. ამის ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია მხოლოდ “მედიატორის” როლში გვევლინება, ხოლო “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებისგან დამცინავ პასუხს ვისმენთ, რომ პროტესტის მონაწილეების ყველა მოთხოვნას იზიარებენ, გარდა ანაზღაურების ზრდისა და სამუშაო საათების შემცირებისა.
სწორედ ეს არის მაღაროელების მთავარი მოთხოვნა - ხელფასის ზრდა და 12 საათიანი სამუშაო დღის 8 საათამდე შემცირება! ეს პრობლემები დღეს მათთვის რეალურია და დაუშვებელია მაღაროელების პროტესტის გაუფასურება რაიმე პოლიტიკური იდეოლოგიის პრიზმიდან.
დღეს, 19 ივნისს პარლამენტის წინ მაღაროელების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. სოლიდარობა ჭიათურელ მაღაროელებს! სირცხვილი “ჯორჯიან მანგანეზს”! სირცხვილი ხელისუფლებას!” - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა გაფიცულმა კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა პროტესტის მონაწილემ ამოიკერა პირი. გუშინ, პროტესტის მე-14 დღეს "ჯორჯიან მანგანეზი" ძველი სამუშაო გრაფიკით მუშაობას დათანხმდა და გვიან ღამით განცხადება გაავრცელა.