
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ მისთვის ძალადობა მიუღებელია. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს 17 მაისს თსუ-ში ჩხუბზე, ასევე "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერზე თავდასხმაზე.
კალაძის თქმით, იკვეთება ორმაგი სტანდარტი და რომ კონკრეტული ტელევიზიები და ოპოზიციური პარტიები მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს გმირად ასაღებენ. "ოცნების" ლიდერმა გაიმეორა, რომ "ვითომ მეგობარი ქვეყნებიდან" შემოდის დაფინანსება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახალგაზრდებს ასწავლიან როგორ მოაწყონ რევოლუცია.
"ადამიანი, რომელიც პოლიციელს ესვრის მოლოტოვის კოქტეილს და მცდელობა აქვს, რომ პოლიციელები ცოცხლად დაწვას, რა მნიშვნელობა აქვს ვინ ესროლა, ეს ადამიანები მხარს უჭერენ, იგივე ჯაფარიძე, იგივე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, აქვთ მცდელობა, რომ ვინც ისროლა მოლოტვის კოქტეილი და ვისაც მცდელობა ჰქონდა დაწვა პოლიციელები, გმირად უნდათ გამოიყვანონ, ეს არის ძალიან ცუდი და დამაზიანებელი, ეს არის პირდაპირ წახალისება ბოროტების. [...] ასევე ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდია როდესაც ხდება ასეთი ფაქტების ფინანსური წახალისება და დაფინანსება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას რევოლუციაზე როდესაც მიდის საუბარი, დაპირისპირებაზე, სისხლზე, გადატრიალებაზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა გახდეს საჯარო, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომელი ქვეყნიდან რომელი ორგანიზაცია აფინანსებს ამ ახალგაზრდების დაჯგუფებას. [...] იმის მაგივრად, რომ ყველა მოწადინებული იყოს პოლარიზაცია შემცირდეს და გადაიდგას ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, პირიქით, წახალისება ხდება, ეს ვითომ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან შემოდის პირდაპირ დაფინანსება ამ ორგანიზაციების, სადაც მიმდინარეობს რეკრუტირება ახალგაზრდების, რომ ასწავლონ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ვთქვათ პოლიციელებს, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს, ერთის მხრივ გეუბნებიან, რომ პოლარიზაცია უნდა შევამციროთ, მეორეს მხრივ თვითონ ახალისებენ პოლარიზაციას და ხელს უწყობენ, რაც ძალიან ცუდია", - თქვა კალაძემ.