
"იმსახურებს ყურადღებას და არც შორს შეიძლება იყოს რეალობისგან, თუმცა დღესდღეობით ეს მხოლოდ მოსაზრებაა", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ზურაბიშვილის პატრიარქთან შეხვედრაზე და მის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების გეგმაზე.
როგორც ვოლსკი ამბობს, მმართველ პარტიას ზურაბიშვილის მიმართ ნდობა არ აქვს და აღნიშნული მოსაზრება რელობისგან არც შორს შეიძლება იყოს.
"პრეზიდენტი პატრიარქთან შეხვედრას რისთვის ითხოვს, ამაზე ჩამოყალიბებულ პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ არ ვიცი რისთვის ითხოვს, მაგრამ ბოლო პერიოდში პრეზიდენტის მიმართ ნდობა ადამიანის მიმართ, რომელიც საკმაოდ მრავალმხრივ პოზიტიურად გვეჩვენებოდა, როდესაც მხარს ვუჭერდით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული და აქედან გამომდინარე ეს მოსაზრება, რა საკვირველია, იმსახურებს ყურადღებას და არც შორს შეიძლება იყოს რეალობისგან, თუმცა დღესდღეობით ეს მხოლოდ მოსაზრებაა", - ამბობს გია ვოლსკი.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ კი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.