
"იმედია, ასეთი განზრახვა არა აქვს სალომე ზურაბიშვილს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას არ შეიწყალებს.
კობახიძემ, სამთავრობო მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, რატომ სურს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა და ხომ არ იყო ეს პასუხისმგებლობის გადანაწილების მცდელობა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.
ამ კითხვების პასუხად კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის მხრიდან ასეთი ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილება გამორიცხული არ არის.
"ეს თუ ასეა, ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება ეს იქნებოდა აბსოლუტურად მიუღებელი, პრინციპულად მიუღებელი. იმედია, ასეთი განზრახვა არა აქვს სალომე ზურაბიშვილს. ნუ, ეს მე არ ვიცი," - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ კი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.