
მთავრობის ცნობით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
"ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას", - თქვა მთავრობის ცნობით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
მთავრობა ამბობს, რომ სხდომაზე დემოგრაფიული განვითარების ძირითადი მიზნები განიხილეს. საბჭოს წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებულ საუკეთესო და რელევანტურ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე იმსჯელეს.