საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სჯერა, რომ ხელისუფლება პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლებს დეოკუპაციასა და ქვეყნის გაერთიანებას. ამ თემაზე პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
მინისტრის წერს, რომ ქედს იხრის და პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც 12 წლის წინ, აგვისტოს ომს შეეწირენ.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შესძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.