
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ძალადობა მიუღებელია და იმავდროულად ის ფიქრობს, რომ ლევან ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ შუღლს, პოლარიზაციას აღვივებს. ბერძენიშვილს დღეს თბილისში თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს.
კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არ შეიძლება ადამიანი გამოდიოდეს და ლანძღავდეს გმირ მეფეებს.
"თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის, ასევე, პირდაპირ უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენ ეროვნულ იდენტობას, პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართულები არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენ 250 წლის წინ გარდაცვლილი მეფეებს, გმირ მეფეებს და ასე შემდეგ, არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ასევე ყველას გვინდა მოვუწოდოთ, რომ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, არ შეიძლება ადამიანი, რომელიც თან პროფესორის სტატუსით სარგებლობს თუ არ ვცდები, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენ გმირ მეფეებს, ერეკლე მეორე გალანძღა, დავით აღმაშენებელი და ასე შემდეგ", - თქვა კობახიძემ.
იხილეთ: