კულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა თუ სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მანძილზე სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს.
მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა
2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს კიდევ მეტად წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციებისათვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში.
როგორც 2023 წლის 7 ივნისს წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მის მიერ 2022 წელს დარგის მოწვეული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სახელოვნებო განათლების რეფორმა ფართო საზოგადოების წინაშე დისკუსიისათვის, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. სამინისტრო კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, არაერთი თვის მანძილზე, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. მხოლოდ, კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას.
მოცემულ და სხვა თემებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის, სამინისტრო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და პირთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს.
კინოცენტრის დროებითი მმართველი
ზემოხსენებული რეორგანიზაციის პროცესში, რომელიც სამომავლო რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, ბატონი კობა ხუბუნაიასათვის ეთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ვერც სამინისტროსათვის, ვერც მინისტრისა და ვერც კობა ხუბუნაიასათვის უარყოფითი ეპითეტები ზემოაღწერილი რეფორმის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.
ამასთან, გარდა უარყოფითი ეპითეტებისა და შეურაცხყოფისა, ბოლო დღეებში, გაისმა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს კობა ხუბუნაია ციხეში მუშაობდა ბადრაგად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯაროდ უდასტურებს პატივისცემას ყველა იმ ბადრაგს (ესკორტის ოფიცერს), პენიტენციური სისტემის კონტროლიორს, სამედიცინო პერსონალსა და ნებისმიერ სხვა თანამშრომელს, რომლებიც, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სამაგალითო სტანდარტით იცავენ პატიმრების უფლებებს ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ მათი შრომის შედეგია ის, რომ ქართულმა პენიტენცურმა სისტემამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შესაბამისად, დღეს უწოდო ვინმეს ბადრაგი, ჩვენს თვალში მხოლოდ კომპლიმენტია. ეს სიტყვა კომპლიმენტად არ ითვლებოდა მაშინ, როცა, 2012 წლის ოქტომბრამდე, ქართულ ციხეებში სისტემური დანაშაული, მათ შორის, პატიმრებზე ძალადობა და წამება იყო გამეფებული და საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების მეშვეობით, პირდაპირ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე. ერთ-ერთი ასეთი მოადგილის უშუალო გარემოცვის წარმომადგენელი, დღემდე მართავს კინოცენტრს კინოსა და შემოქმედებითი თავისუფლებისათვის მიუღებელი მეთოდებით, რის გამოც, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება კინოცენტრში „ცენზურის“ ან კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევად ვერ იქნება აღქმული. ასევე ვერ იქნება დაწუნებული ის ნაბიჯი, რომელიც კინოცენტრის მმართველობით რგოლში დრომოჭმული, ე.წ. სამინისტროს კვოტის გაუქმებას გულისხმობს. რეორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის.
დავუბრუნდეთ ბატონ კობა ხუბუნაიას, რომელსაც, დღეს უკვე კომპლიმენტად ქცეული სიტყვა ბადრაგი არ შეეფერება, რადგან მსგავს პოზიციაზე არასოდეს უმუშავია. ბატონი კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება. შესაბამისად, ის დიდხანს ვერ შეასრულებს კინოცენტრში მისთვის ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს. სამინისტრო მადლიერია, რომ ის დათანხმდა, გარდამავალ პერიოდში, ტექნიკური და ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსურ-ეკონომიკური ფუნქციები ეკისრა კინოცენტრში ამ უკანასკნელის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
ქართული კინოს ზოგიერთ გულშემატკივარს განვუმარტავთ, რომ ბატონი კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. ის სხვადასხვა დროს გახლდათ ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი და ეკონომიკური სამსახურის უფროსი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სააგენტოს უფროსის მოადგილე ეკონომიკური მიმართულებით სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საქმის ცოდნითა და პატიოსნებით.
მმართველობის ხარვეზები და კანონდარღვევები
საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ბატონი გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობის პერიოდში, კინოცენტრში აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები სამინისტრომ ჯერ კიდევ 2022 წლის 15 მარტს გაასაჯაროვა (იხილეთ: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid02581fT8AXGezaPDZZzNET2ZsKKC1KVnUDroub2QEivuAdTadUN7cJARabvMNtdiKwl) მანამდე კი, 14 მარტს, კინოცენტრის მაშინდელი დირექტორი, ბატონი გაგა ჩხეიძე, თანამდებობიდან გათავისუფლდა მის მიერ დაშვებული არაერთი კანონდარღვევის გამო და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის. (იხილეთ: https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid02guSYGd9Y1KRc8Qam4hFiEE6cpCo6LsN242arxthAw83Drztw69CPFK1NWPF9YPw9l).
ბატონი გაგა ჩხეიძის საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები ეხებოდა, სხვებს შორის, ფინანსური სახსრების არასათანადო ხარჯვას, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სისტემატური დარღვევის ფაქტებს, კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს, ცალკეული კონკურსანტების მიმართ არაობიექტური და არასამართლიანი მიდგომის ფაქტებსა თუ ისეთ დარღვევებს, რაც მიუთითებდა კინოცენტრში არსებული მენეჯმენტისა და ფინანსური სისტემის სერიოზულ ნაკლოვანებებზე. შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში დაიწყო გამოძიება (სს N 074020522803) კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებით.
ამასთან, აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებისა და მათი შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კინოცენტრის მიმართ გაიცა 18 რეკომენდაცია. თუმცა, ბოლო ერთი წლის მანძილზე, კინოცენტრმა ოთხჯერ მომართა სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარმოდგენისა და მათი შესრულების ვადების გადაწევის თხოვნით. ამჟამად, 7 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია. საგულისხმოა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციათა ნაწილი ეხება საექსპერტო კომისიების დაკომპლექტებას, კომისიის წევრთა შერჩევისა და მათ მიერ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს. ცალკე და ღია მსჯელობის საგნად უნდა იქცეს დაუსრულებელი ფილმების თემაც. მხოლოდ 2019 წლიდან 2021 წლის პირველ კვარტალში დაფინანსებული ფილმებიდან, შეჩერებულია 22 ფილმის წარმოება. ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს მიზეზები და დაისახოს მათი აღმოფხვრის გზები. თუ აღმოჩნდება, რომ კინოცენტრში, წლების მანძილზე, ზოგიერთი გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის არასათანადო შეფასება ხდებოდა, ან რეალური დასაბუთების გარეშე ან კიდევ ე.წ. ჩაწყობით ხორციელდებოდა მათი ჩაბარების ვადის არაერთგზის გადავადება თუ თანხის დამატება, უნდა დაინერგოს ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს მსგავს ნაკლოვანებებს მომავალში. თუ აღმოჩნდება, რომ დაუსრულებელი ფილმების სრული ოდენობა ან გარკვეული ნაწილი ობიექტური მიზეზების გამო ვერ დასრულდა, აუცილებელია, დაინერგოს მექანიზმი, რომელიც კინოცენტრს აქცევს ამგვარი პროექტების ხელშეწყობის ინსტრუმენტად და არა - ავტომატურად ჯარიმების დამრიცხველ ორგანოდ.
კინოცენტრის თანამშრომლები
რეორგანიზაციის პროცესში, კინოცენტრში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ირიცხება თანამშრომლად და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, ამბოხის მოტივით, არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ყველა მათგანი შესაბამის გასამრჯელოს შეუფერხებლად იღებს. არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მაგალითია, თუნდაც, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი ბატონი კონსტანტინე ჩლაიძე, რომელსაც რეორგანიზაცია საერთოდ არ ეხება, ის ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ, ტელევიზიების დასანახად, მაინც კარზე აკაკუნებს. კადრს მიღმა კი, ბატონი კონსტანტინე ჩვეულებრივ შედის კინოცენტრში და აქვს აქტიური კომუნიკაცია ბატონ კობა ხუბუნაიასთან. ასევე გაუგებარია ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომლის, ბატონი ლევან აბდუშელიშვილის კარზე კაკუნი, რომელსაც, ამჟამად არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი პოზიცია უჭირავს კინოცენტრში და ორივე პოზიციაზე სამუშაოდ კინოცენტრის კარი მისთვის კაკუნის გარეშეც ღიაა. თუმცა, 12 ივლისიდან, მას მოუწევს მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა გამართული მენეჯმენტის პრინციპიდან გამომდინარე, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მისი გაღიზიანების მიზეზიც.
ვფიქრობთ, მსგავსი თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონკურსების გამოცხადება მოხდება კონკრეტული თემების მითითებით, რომ თითქოს კინოცენტრი გახდება ხალხისთვის ჩაკეტილი ორგანიზაცია და მსგავსი მითების ტირაჟირება საკუთარი შეცდომების გადაფარვას უფრო ემსახურება, ვიდრე კინოცენტრსა და ქართულ კინოზე ზრუნვას, რისთვისაც თითოეულ მათგანს მრავალი წელი ჰქონდა.
ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორია აღმაშენებლის გამზირზე
ქართული კინოს მომავლითა და ბედით რეალურად დაინტერესებული მოქალაქეებისთვის გვსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ქართული კინოს მხარდაჭერა და კინოინდუსტრიის აღორძინება, ასევე, ეროვნული კინოცენტრის რეპუტაციის ამაღლება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
კინოხელოვნების ხელშეწყობა რომ სამინისტროსათვის მხოლოდ კინოცენტრის გაძლიერება არაა, ამის ნათელი მაგალითია თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებაზე მუშაობა. დაახლოებით 4 ჰექტარ ტერიტორიაზე სწორედ კულტურის მინისტრის ინიციატივით 2022 წლიდან მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება მიმდინარეობს. 2021-2023 წლებში ამ მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მოცემული სახელმწიფო ქონება მართვაში კულტურის სამინისტროს გადმოეცა, ჩამოქცევის პირას მყოფი უნიკალური ისტორიის მქონე კინოსტუდიის ტერიტორიაზე 70-მდე კომპანია საქმიანობდა. არაერთ მათგანს ფართი საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე დაბალ ფასად ჰქონდა მიქირავებული, რამაც ქართულ კინოს მიუღებელი შემოსავლების სახით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მოიჯარეების საქმიანობა კი არ უკავშირდებოდა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებსა და საქმიანობის სფეროებს. მაგალითად, ფუნქციონირებდა სამკერვალო, ბარი, სამშენებლო ნარჩენების გატანის კომპანია, ხის ცეხი, საწყობი, ტურისტული სააგენტო, სამზარეულოს კარადებისა და ლეიბების დამზადება, ე.წ. პროფილაქტიკა და სხვა. ამასთან, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ქონებაში, საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ თანხად, ხელშეკრულებით იყო გადაცემული საცხოვრებელი ფართი კინოცენტრის მაშინდელი დირექტორის, გაგა ჩხეიძისთვის, რომელიც იმავდროულად იყო ყოფილი კინოსტუდიის გამგეობის წევრიც. ასევე, ყოფილი კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრ პრომეთეს, რომლის დირექტორიც იყო იგივე გაგა ჩხეიძე. შესაბამისად, მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში სრულად უგულებელყოფილი იყო ინტერესთა კონფლიქტის პრინციპები და როგორც კინოცენტრი, ასევე ყოფილი კინოსტუდიის გარკვეული გადაწყვეტილებები ბატონ გაგა ჩხეიძეს საკუთარ თავსა და პირად ინტერესზე ჰქონდა მორგებული. ახალი მმართველობის პირობებში, სამინისტრომ გაწყვიტა ყველა საიჯარო ხელშეკრულება და ტერიტორიიდან გაყვანილ იქნა ყველა მოიჯარე, რომელთაგან არაერთი არ იხდიდა საიჯარო თანხას და დღემდე ინარჩუნებს დავალიანებას სახელმწიფოს წინაშე. ასეთი ყოფილი მოიჯარეების მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავები დავალიანებების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობა ჯამურად შეადგენდა 121 320 ლარს.
სწორედ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორია, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილის რეაბილიტაციაა ამჟამად დასრულებული, ხელოვნებას ემსახურება - მასპინძლობს გამოფენებს, მსახიობების კასტინგის სააგენტოს, მეთოჯინეების სახლს, ფოტოგრაფის სტუდიას და ემზადება ანიმაციის სტუდიის განახლებისა და კინოდარბაზის მოსაწყობი სამუშაოებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების, მათ შორის, ორი საუკუნოვანი კინოპავილიონის გამაგრებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია." ნათქვამია განცხადებაში.