
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე დღეს სოფელ ტყაიას გზის რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა. პროექტს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნა, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
გზა, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმებოდა, ზედა ეწერიდან ტყაიამდე გადის. როგორც ოპოზიციაში ამბობენ, გზის მონაკვეთის 95%-ზე მოსახლეობა არ ცხოვრობს. მათი თქმით, გზის ორივე მხარეს "ქართული ოცნების" დეპუტატების ირაკლი ზარქუასა და ლევან იზორიას ოჯახს მოცვის პლანტაციები აქვთ. ოპოზიციის თქმით, სწორედ ამიტომ გახდა პრიორიტეტი სოციალური პრობლემების ფონზე, ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია. პროექტის თანახმად, უნდა გაკეთებულიყო ბეტონის გზა სანიაღვრეებითა და განათებებით, რაშიც 2 მილიონ 300 000 ლარი უნდა დახარჯულიყო.
ავტორი: ემა გოგოხია