რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მოხსენებაზე "მთავარი არხი" "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორ, რიკარ იოზვიაკს ესაუბრა. მანამდე მან Twitter-ზე დაწერა, რომ მოლდოვასა და უკრაინას კარგი პროგრესი აქვთ, საქართველოს კი მეტი ძალისხმევა სჭირდება.
იოზვიაკი ამბობს, რომ საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვას ბევრით ჩამორჩება და ეს აშკარაა. მისივე თქმით, მედია პლურალიზმის მხრივ ქვეყანას პროგრესი საერთოდ არ აქვს.
"მოდით, ასე ჩამოვაყალიბოთ: უკრაინასა და მოლდოვას უკეთესი შედეგები აქვთ, საქართველო კი მესამე ადგილზეა და თან ძალიან ჩამორჩება პირველ ორს. საქართველოს კიდევ ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. თქვენ მიაღწიეთ გარკვეულ პროგრესს, მაგრამ ჯერ სრულყოფილ შესრულებამდე შორია. დარჩენილია ისეთი თემები, როგორებიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია, მედია პლურალიზმი, პოლიტიკური პოლარიზაცია. საერთოდ, ეს არის შუალედური შეფასება. საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, მაგრამ უკრაინასა და მოლდოვას ბევრით ჩამორჩება და ეს აშკარაა. საქართველოს ახლა 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ანუ მთელი საქმის მხოლოდ 25% და დანარჩენი ჯერ კიდევ შესასრულებელია. არის გარკვეული მცირე ძვრები სხვა რეკომენდაციებშიც, მაგრამ მაგალითად მედია პლურალიზმის მხრივ პროგრესი საერთოდ არ არის. უკრაინასა და მოლდოვას კი პროგრესი ყველაფერში აქვთ", - ამბობს იოზვიაკი.
იოზვიაკს ვკითხეთ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე და იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს სტატუსის მიღებაზე:
"რაც შეეხება იმას, ახდენს თუ არა გავლენას ამ ყველაფერზე ნიკა გვარამიას საქმე, ამას ზუსტად ვერ გეტყვით. შესაძლოა, ამას ჰქონდეს გარკვეული არაპირდაპირი გავლენა. დაეხმარება თუ არა საქმეს მისი განთავისუფლება? შესაძლოა. ისინი ამას პირდაპირ არ ამბობენ, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც გადამწყვეტი იქნება. ფაქტია, რომ ზოგადად მართლმსაჯულების მიმართულებით პროგრესი არ ჩანს".