სისხლის სამართლის საქმეების დაკავშირება EU-ს წევრობასთან სწორი არაა - პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის აზრით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის დაკავშირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, სწორი არაა.

პაპუაშვილის მტკიცებით, ეს აკნინებს როგორც ევროკავშირის მნიშვნელობას, ასევე კანონის უზენაესობას.

"სისხლის სამართლის საქმეების დაკავშირება ევროკავშირთან წევრობაზე არა მგონია სწორი იყოს და თუ ვინმე უკავშირებს, არა მგონია სწორი იყოს. ზოგადად ეს აკნინებს ევროკავშირის მნიშვნელობას, ასევე აკნინებს ჩვენი მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას. 

საქართველოში დღეს, თუ არ ვცდები, არის 30-ზე მეტი ტელევიზია, რომელსაც აქვს საერთო დაფარვა. მაშინ როდესაც 10 წლის წინ იყო სულ 3-4 ტელევიზია. მარტო ეს ერთი მონაცემიც კი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პლურალისტური არის გარემო, რამდენად ადვილი არის როგორც მედიის დაფუძნება ისე მედიის ფუნქციონირება. 300-მდე ჟურნალისტია აკრედიტებული პარლამენტში და შესაძლებლობა აქვს, რომ იმუშაოს," - განმარტავს პაპუაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მედიის თავისუფლების პირობებში, რატომ არის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დაპატიმრებული შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს მედიაგარემოსთან.

"პროფესიას და თანამდებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სისხლის სამართლის პროცესისთვის. როდესაც საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს, აქ მედია იქნება, პოლიტიკოსი თუ ექიმი, ამაზე ხომ არ შეიძლება. ვინმე ექიმი რომ იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული, ეს რას ნიშნავს, რომ ექიმების თავისუფლება არის შეზღუდული?" - ამბობს პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი