ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს რომ ნიკა გვარამიამ თავისუფალ მედიას 7 მილიონი მოპარა და ეს სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. მან აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მართლმასჯულების პოლიტიზების მცდელობა უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადება საელჩომ მაშინაც გააკეთა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 "კანონიერ მესაკუთრეს" მიაკუთვნა:
"მე მახსოვს, თავის დროზე, როდესაც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მაშინაც გავრცელდა ამერიკის საელჩოს განცხადება ამ თემაზე და მაშინაც მათ დაგმეს უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ უზენაესის გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ისიც რომ საელჩოს მაშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლო. კიდევ ერთხელ აკეთებენ ამას და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. საელჩოს ეს განცხადება არის მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობა" ამბობს კობახიძე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა და მისი სარჩელი არც კი განიხილა, აშშ-ის საელჩომ გუშინ, 20 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კიდევ ერთხელ გამოხატავდნენ ღრმა შეშფოთებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გამო.