"რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია", - ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობიის შემსრულებელი საუბრობს, რომლის განცხადებასაც რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. გამოცემა РИА Новости წერს, რომ დავიდოვი დღეს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, "საგუშაგო ზემო ლარსს" ესტუმრა.
"ეკონომიკური ბლოკადა, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიყენეს, ზემო ლარსზე ახლა ირღვევა. ჩვენ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის გასწვრივ 15 მილიონი ტონა ტვირთის გადატანა შეგვიძლია", - თქვა მან.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს, 5,5 თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის რეგიონში, მათმა თანამშრომლებმა ორივე მიმართულებით მიმავალი 5,6 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში კი უკვე 7,8 მლნ ტონა.
"ვფიქრობ, რომ წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიონ ტონა ბრუნვას გადავაჭარბებთ. მხოლოდ ზემო ლარსში სავაჭრო ბრუნვის 20%-ზე მეტი ზრდა გვაქვს", - თქვა მან.
მისივე თქმით, მიმდინარე წლის 15 ივნისს, სატვირთო ტრანსპორტისთვის დამატებითი კონტროლის ხაზების ამოქმედების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთაზე ყოველდღიურად საშუალოდ დაახლოებით 1,2 ათასი სატვირთო მანქანა გადის.