სად არის იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც დღეს აგვისტოს სისხლისმღვრელი ომიდან 12 წლისთავს ითვლის და რომელსაც რუსეთის სამხედრო აგრესიის კვალი დღედმე არ მოუშუშებია? მთავარსარდალი, მთავრობის მეთაური, საგარეო საქმეთა მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დღეს მხოლოდ Facebook თუ Twitter-ექაუნთებს ეფარებიან და რუსული ოკუპაციის დასაგმობად მხოლოდ წერილობითი განცხადებებით კმაყოფილდებიან.
მედიასთან დღეს მხოლოდ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოჩნდა.
არცერთი 8 აგვისტო არ ყოფილა, როდესაც საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა, ასევე, დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიის მთავრობა არ მისულიყო და პატივი არ მიეგო პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი შესწირა ჩვენს სამშობლოს და მათი შვილებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, გმირი დედები და ისინი, ვინც მუდმივად იქნებიან ჩვენს ეროვნულ მეხსიერებაში, - ამბობს თეა წულუკიანი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი ამბობს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება რუსული ნარატივია.
საქართველოს ხელისუფლებას თუ შეეკითხებით, ძალიან ფორმალურ-სამართლებრივ პასუხს გაგცემენ რომ იმ ერთადერთ დოკუმენტში, რომლითაც ომის ფაქტი არის დადასტურებული, საქართველოში 8 აგვისტო წერია. სინამდვილეში, ბუნებრივია, არაფერი უშლით ხელს რომ ღონისძიებები იყოს 7-შიც, 8-შიც და საერთოდ, 365 დღის განმავლობაში. ეს არის პირდაპირ რუსული ნარატივი და შესაბამისად, ეს არის ყოველდღე რასაც კრემლი გვეუბნება, აბა სად არიან თქვენი პარტნიორები? აბა სად არიან ნატო-ს ჯარები? როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ამავე ტერმინოლოგიით, ამავე ნარატივით, ამავე წინადადებებით გველაპარაკოს, - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა.170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია.
ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.
ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.