საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა აგვისტოს ომს იხსენებს

გამოქვეყნდა:

2008 წლის 7 აგვისტოს გახსენება ყველაზე მეტად იმ ადამიანებს უმძიმთ, რომლებიც რუსულ ბომბებს და ტყვიებს დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან გამოექცნენ.

იძულებით გადაადგილებული პირები ომის დაწყების თარიღს ემოციებით იხსენებენ და იმედს არ კარგავენ, რომ საკუთარ მიწა-წყალზე ისევ დაბრუნდებიან.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საკუთარი სახლის დატოვება მოუწია 150 000-მდე ადამიანს. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე მოქალაქე. 

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმსხვერპლა.170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, შსს-ს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭ­რილ და და­შა­ვე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი ჯამში 2 232-ია.

ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები.

ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის. 

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი