
გაფიცული მაღაროელები მათ წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები, თითქოს მაღაროელების ხელფასი 3 ათას ლარს აღემატება, სიცრუეა
"ვნახეთ სოციალურ ქსელში არის ეგეთი ფაქტი და სურათი გაზიარებული, დევს რომ 3,050 ლარი გვერიცხება თურმე ჩვენ. ჩვენ ეს თანხა არასოდეს არ აგვიღია და არ დაგვინახია ჩვენს სახელფასო ბარათზე დარიცხული და უშალოდ გიორგი კუპატაძეს შეეხნენ, რომელსაც 1457 ლარი უფიქსირდება ხელფასი, მაგის ფაქტიც გვაქვს, სურათიც გვაქვს და ბანკის ამონაწერიც. ამ ცრუ ინფორმაციებს ნუ დაეყრდნობით.
დღეს დედებს უნდა დაეწყოთ შიმშილობა ჭიათურაში, აპირებდნენ ყველანაირად რომ დედები შვილებს დადგომოდნენ გვერდში, რადგან თავისი სიმართლე ვერ გაიტანეს და დედებმაც მიიღეს დაზიანება თავისი შვილების ტკივილით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ცნობისთვის, გიორგი კუპატაძე ის მაღაროელია, რომელმაც პროტესტის ნიშნად, თვალები ამოიკერა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქცია უკვე მეჩვიდმეტე დღეა რაც გრძელდება. მაღაროელები უკვე თერთმეტი დღეა შიმშილობენ. პროტესტის მეორე ეპიცენტრია თბილისი. მაღაროელებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უკვე რამდენიმე დღეა რაც კარვები გაშალეს და ღამეებს იქ ათევენ.
მაღაროში დასაქმებულები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" ხელფასის ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კომპანია დასაქმებულებს ხელფასის მხოლოდ 5%- ით გაზრდას სთავაზობს, რაც მაღაროელებისთვის მიუღებელია.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი